Sunday, January 20, 2013

* რა არის ალერგია?

ალერგია - ეს არის “არანორმალური”, მომატებული მგრძნობელობა იმ ნივთიერებების მიმართ, რომლებიც უსაფრთხოდ არიან მიჩნეულნი და მათთან კონტაქტი სხვა ადამიანების მიერ, ჩვეულებრივ, ნორმალურად გადაიტანება. ალერგია გამოვლინდება ალერგიული დაავადების სიმპტომების სახით. ალერგია ყველაზე ხშირად გვხვდება რესპირატორული ალერგიის ანუ სასუნთქი გზების ალერგიის, ალერგიული დერმატოზების, ალერგიული ენტეროპათიისა და ანაფილაქსიური შოკის სახით. დღეს ალერგიით დაავადებულია ყოველი მესამე ადამიანი. ალერგიით დაავადებების შემთხვევები და მისი სიმძიმე განუხრელად იზრდება მთელს მსოფლიოში

* რა სარგებლობა მოაქვს ალერგიას?

ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები ცარაუდობენ რომ შესაძლოა იმუნური სისტემის განსაკუთრებულმა აქტივობამ რომელიც ალერგიულ დაავადებას იწვევს,ორგანიზმი თავის ტვინის კიბოსგან დაიცვას.მეცნიერებმა გამოიყენეს რამდენიმე გამოკვლევის შედეგები რომელიც ალერგიულ პირებში თავის ტვინის ონკოლოგიური დაავადებების სიხშირეს შეისწავლიდა.აღმოჩნდა რომ მათ ვისაც ალერგია ჰქონდა  გლიომა 30-40% ით უფრო იშვიათად უვითარდებოდა.გლიომა ტვინის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ნაირსახეობაა.

Saturday, January 19, 2013

* ალერგიის ძირითადი სიპტომები.

            
ალერგიულ რეაქციას მრავალფეროვანი სიმპტომები აქვს. მათგან ყველაზე ხშირია: 
 რინიტი, ანუ სურდო, - ცხვირის "გაჭედვა", წყლიანი გამონადენი, ქავილი, ცემინება, ყურების ქავილი და დაგუბება. 
 ალერგიული კონიუნქტივიტი, ანუ თვალის ლორწოვანის ალერგიული დაზიანება, - სკლერების სიწითლე, ქავილი, ცრემლდენა. 
 ატოპური დერმატიტი, ანუ კანის ალერგიული დაზიანება, - კანის სიწითლე, ქავილი, სიმშრალე. 
 ურტიკარია, ანუ კანის ალერგიული გამონაყარი - ჭინჭრის ციება, და კვინკეს შეშუპება, ანუ სახის მიდამოს: ტუჩების, ქუთუთოების, ლოყების შეშუპება. 
 ატოპური დერმატიტი, ანუ ატოპური ეკზემა - კანის აქერცვლა და ქავილი. 
 ბრონქული ასთმა (სუნთქვის დარღვევა: ქოშინი, გაძნელებული ამოსუნთქვა, მსტვინავი სუნთქვა, შეტევითი ხველა).

* რატომ არიან ერთნი ალერგიულები-მეორენი კი არა


ალერგიის ჩამოყალიბებაში წამყვან როლს მემკვიდრეობა, ანუ ალერგიის მიმართ მემკვიდრული განწყობა ასრულებს, თუმცა ალერგია შეიძლება “მოწმენდილ ცაზეც" გაჩნდეს. ალერგიის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როცა ოჯახის ერთ-ერთი წევრი ალერგიითაა დაავადებული.
თუ ალერგიულია ერთ-ერთი მშობელი, ბავშვის ალერგიის ალბათობა დაახლოებით 30 %-ია, ხოლო თუ ორივე ალერგიულია, დაავადების ალბათობა 50%-ს აღწევს.
ალერგიული რეაქციები მრავალფეროვანია, დამოკიდებულია ორგანიზმის ინდივიდუალურ თვისებებზე, შეჭრილი ნივთიერების - ალერგენის ბუნებაზე, გარემოზე, ფონური ქრონიკული დაავადებების არსებობაზე, რომლებიც ცვლიან ორგანიზმის საწყის იმუნურ სტატუსს და სხვა ფაქტორებზე.

Thursday, January 17, 2013

* ალერგენი


         ამ “გამღიზიანებელ” ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის უჩვეულო რეაქციას, ალერგენებს უწოდებენ.
ალერგენი - ეს არის ნივთიერება, რომელიც იწვევს სენსიბილიზაციას, ანუ ორგანიზმის იმუნური სისტემის განსაკუთრებულ მდგომარეობას, რაც დამახასიათებელია ალერგიული დაავადებებით შეპყრობილი დამიანებისათვის.
ძირითად ალერგენებს წარმოადგენენ:
  • მცენარეების მტვერი;
  • დანესტიანებულ ადგილებში განვითარებული ობი და შმორი (მიკროსკოპული სოკოები);
  • ცხოველების ბეწვი;
  • საყოფაცხოვრებო მტვერი;
  • სხვადასხვა საკვები პროდუქტები (თხილი, არაქისი, ნიგოზი, თაფლი, შოკოლადი და ა.შ.)
ყოველი ცალკეული ალერგენი შეიძლება გახდეს მთელი რიგი სიმპტომების გამომწვევი: მაგ. მცენარის მტვერი შეიძლება გახდეს არამარტო რინოკონიუქტივიტის, არამედ ბრონქოსპაზმისა და ჭინჭრის ციების მიზეზი. უმრავლესობა ალერგიული ადამიანებისა ასევე რეაგირებენ ალერგენების მთელ სპექტრზე.
ალერგიას ამწვავებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სხვადასხვა დეზოდორანტები, დაბინძურებული ჰაერი, დაბალი ტემპერატურა, ნესტი, გამონაბოლქვი, თამბაქოს კვამლი, ქარი.

Wednesday, January 16, 2013

* მტვრისმიერი ალერგენები

ამბროზია

* როგორ დავიცვათ თავი პოლინოზისგან


  • არ გააღოთ ყვავილობის სეზონის განმავლობაში მანქანის ფანჯრები;
  • დახურეთ ფანჯრები ნაშუადღევს, რადგან ამ დროს ჰაერში მაქსიმალურია ყვავილის მტვრის კონცენტრაცია;
  • მტვრის მაქსიმალური პროდუქციის პერიოდში შეიკავეთ თავს პიკნიკებისა და ლაშქრობებისაგან;
  • დასვენება უმჯობესია ზღვისპირა ადგილებში, სადაც ყვავილის მტვერი ნაკლებია;
  • არ გაკრეჭოთ გაზონები;
  • მოერიდეთ თაფლს, რადგანს მასში შეიძლება აღმოჩნდეს ყვავილის მტვრისმიერი ალერგენები;
  • ნუ მოსწევთ სიგარეტს, რადგან თამბაქოში არსებული ნიკოტინი აუარესებს ცხვირის "გაჭედილობას" და ხელს უწყობს სასუნთქი გზების ლორწოვანის ზემგრძნობელობის განვითარებას.

Tuesday, January 15, 2013

* საყოფაცხოვრებო ალერგენები

საყოფაცხოვრებო მტვერი ხალიჩების, თმის, ქერტლის, წიგნების, ფრინველთა ბუმბულის, ბაქტერიების, ობის სოკოების, მწერების (ტკიპების, ტარაკნების, ბუზების) ექსკრემენტების, პოლიმერული სინთე-ზური მასალებისა და სხვა საყოფაცხოვრებო საგნების ნარჩენების ერთგვარი ნარევია. მათ შორის ყველაზე ალერგიული ის მტვერია, რომელიც ტკიპებს, ტარაკნების ექსკრემენტებსა და ეპიდერმულ ნარჩენებს შეიცავს. 1 გრამი სახლის მტვერში ათეულათასობით 0,1-დან 0,2 მმ-მდე ზომის მიკრო-სკოპული ტკიპაა, რომელთა რაოდენობაც სწრაფად იზრდება ხელსაყრელ მიკროკლიმატურ პირობებში (ფარდობითი ტენიანობა - 70-80%, ჰაერის ტემპერატურა - 24-26 გრადუსამდე). ლეიბები, საბნები და ნოხები ტკიპასთვის იდეალურ გარემოს წარმოადგენს. მისი გამრავლება პიკს მარტ-აპრილსა და სექტემბერ-ოქტომბერში აღწევს. პაციენტების მდგომარეობაც სწორედ ამ დროს უარესდება. სახლის მტვრის შემადგენლობა საგრძნობლად იცვლება სახლში ცხოველების, თევზების ყოლისას, მათი მოვლისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კვალობაზე.  ტკიპა გაცილებით იოლად იკიდებს ფეხს ისეთ სახლებში, სადაც მრავლად არის ნივთები, რომლებიც საყოფაცხოვრებო მტვრის დაგროვებას უწყობს ხელს.

Monday, January 14, 2013

* ეპიდერმული ალერგენები

ეპიდერმული ალერგენები საყოფაცხოვრებო ალერგენთა ჯგუფის ნაწილია. მთავარი ეპიდერმული ალერგენებია ქერტლი (ადამიანის, ცხენის, ღორის, კატის), ბალანი (კატის, კურდღლის, ზღვის გოჭის, ძროხის, ვირთხის, აქლემის, თხის, ირმის), ბეწვი (ნუტრიის, მელიის, თხუნელასი), ბუმბული (ქათმის, ბატის, თუთიყუშის, იხვის, მტრედის). ეპიდერმული ალერგენები საშინაო მტვრის შემადგენლობაში შედის და ძლიერი ალერგიული თვისებები ახასიათებს. განსაკუთრებით რეაქციულია კატის ნერწყვი, ბეწვი და ქერტლი. ეპიდერმული ალერგენებისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანები ასეთ რეაქციას ამჟღავნებენ არა მარტო ალერგენთან კონტაქტისას, არამედ მისი წარმომშობი ცხოველისა და შესაბამისი პროდუქტების (მაგალითად, ამ ცხოველის ხორცის) მიმართაც

Sunday, January 13, 2013

* კვებითი ალერგენები

კვებით ალერგიას ჰალენმა იდიოსინკრაზია უწოდა, რაც ნიშნავს უჩვეულო რეაქციას ჩვეულებრივი საკვების მიმართ. კვებითი ალერგია ადამიანში საკვების პირველივე მიღებისას იჩენს თავს და მთელი სიცოცხლე გრძელდება. პროდუქტის მიმართ ალერგიული რეაქცია დამოკიდებულია მის ქიმიურ შემადგენლობაზე, გლიკოპროტეინების შემცველობასა და დაბალმოლეკულურ ნაერთთა კონცე-ნტრაციაზე. ყველაზე მეტად გავრცელებული კვებითი ალერგენებია ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, პომიდორი, ნესვი, მარწყვი, შოკოლადი,კაკალი, ციტრუსები. რძე 20-მდე ალერგიულ კომპონენტს შეიცავს, მათ შორის ყველაზე აქტიურია A, B, C ბეტა-ლაქტოგლობულინები, რომელთა მიმართ ორგანიზმი აუტანლობას ამჟღავნებს. კვერცხის ცილაში შემავალი ძლიერი სენსიბილიზატორები, კონალბუმინი და ლიზოციმი, მოხარშვისა და შეწვისას იშლება, მაგრამ კვერცხი შეიცავს კიდევ ერთ, თერმული დამუშავებისადმი მდგრად ცილა ოვომუკოიდს. ამიტომ არის, ზოგიერთი ალერგიულია როგორც მოხარშული, ისე უმი კვერცხის მიმართ, ზოგიერთში კი რეაქციას მხოლოდ უმი კომპონენტები იწვევს. აღსანიშნავია ისიც, რომ კვერცხის ცილისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონენი ძნელად იტანენ ქათმის ხორცს, მათთვის საშიშია კვერცხის შემცველი კერძები, ქათმის ვიბრიონზე კულტი-ვირებული ვაქცინები და სხვა. თევზის ცილაც ძლიერ ალერგენებს მიეკუთვნება. ის მეტად თერმოსტა-ბილურია და სადილის მომზადებისას რეაქციულობას არ კარგავს. თევზის მრეწველობაში მომუშავე ადამიანების სენსიბილიზაცია სწორედ თევზის ცილის დამსახურებაა. პომიდორი, მარწყვი, კაკაო, თხილი,კაკალი, პარკოსნები - ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას ჰისტამინს. სწორედ ამით გახლავთ განპირობებული ალერგიული რეაქცია მათ მიმართ.
ზოგიერთ პროდუქტს უნარი შესწევს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უჯრედებიდან ჰისტამინი გამოათავისუფლოს და ალერგიული რეაქცია ასე გამოიწვიოს. ასეთია ყავა, შოკოლადი, კაკაო, ფორთო-ხლის წვენი. ალერგენებია კვებითი დანამატები, საღებავი ნივთიერებები (ყვითელი ტარტრა-ზილი, ნიტრატები), კონსერვანტები (ნატრიუმის ბისულფატი, სალიცილატები), ანტიოქსი-დანტები, საშუალებები, რომლებიც აძლიერებენ პროდუქტების გემოვნებით თვისებებს (ნიტრატები, ნიკელის სულფატი, კობალტის ქლორიდი), მცენარეული არომატული ნივთიერებები.

მოსახლეობაში გავრცელებული მცდარი შეხედულების მიხედვით, ალერგიის ძირითადად მიზეზს ესა თუ ის საკვები წარმოადგენს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. დადგენილია, რომ საკვებით გამოწვეული ალერგიები გვხვდება ბავშვების მხოლოდ 6%-სა და მოზრდილების 1%-ში.
რძისა და რძის პროდუქტებით გამოწვეული ალერგიები - ყველაზე გავრცელებულ კვებით ალერგიას წარმოადგენს ბავშვებში. ალერგიის ნიშნები ძირითადად გამოიხატება ქრონიკული ნაწლავური აშლილობის სახით და მწვავე ალერგიული სიმპტომებით – ცემინებით, ხველით, ქავილით.
როგორ მოვიქცეთ?
  • საუკეთესო გამოსავალია ძუძუთი კვება;
  • ჩვილს არ უნდა მისცეთ ცხოველური რძე 12 თვის ასაკამდე;
  • ხშირად წარმატებით გამოიყენება სოიოს რძეც;
  • რძისადმი ალერგიის შემთხვევაში, ბავშვები, რასაკვირველია, უნდა ავარიდოთ ყველის, კარაქის, კრემების და ნებისმიერი რძის პროდუქტის მიღებას, რადგან ისინიც რძის პროტეინებს შეიცავენ.
ალერგია კვერცხის ცილისადმი – ასევე საკმაოდ გავრცელებულია ბავშვებში, თუმცა ალერგია შესაძლოა გამოვლინდეს მოგვიანებით ასაკშიც. ხშირია კანზე ეგზემის ტიპის გამონაყარი.
  • ამ შემთხვევაში, იკრძალება ერთი წლის ასაკამდე ბავშვებში საკვებად კვერცხის გამოყენება;
  • მზა საკვები პროდუქტების შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს მათ შემადგენლობას. კვერცხს შეიცავს მრავალი პროდუქტი, მაგ. სხვადასხვა სახის ნამცხვარი, მაიონეზი და ა.შ.
ალერგია თევზის პროდუქტებზე - ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევართა რეკომენდაციით, თევზის პროდუქტებზე ალერგიული ადამიანი უნდა მოერიდოს ნებისმიერი სახეობის თევზის საკვებად მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ ის შესაძლოა ალერგიული იყოს მხოლოდ ერთი სახეობის თევზის მიმართ.
მწვავე ალერგიული რეაქციების მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე უხარისხო, გაფუჭებული თევზის საკვებად გამოყენება, ვინაიდან ასეთი თევზის ქსოვილში გროვდება ჰისტამინი. მისი მიღებისას შეიძლება განვითარდეს მოწამვლა, რასაც შეიძლება ახლდეს ასევე ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება. მსგავსი სიმპტომების შემჩნევისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თევზი გაფუჭებული იყო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მოწამვლის გარდა, არ უნდა გამორიცხოთ თევზზე ალერგიაც.
ალერგია თხილისა და არაქისის მიმართ - მსგავსი სახის ალერგია ძირითადად გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ამ შემთხვევაში ერთადერთი მკურნალობა გამოიხატება ამ პროდუქტის მიღებაზე უარის თქმაში.
  • მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ბავშვის საკვების მიმართ, მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ ბავშვისთვის დაბადების დღეზე მირთმეული ტკბილეულის შემადგენლობა, სადღესასწაულო სუფრებზე მირთმეული პროდუქტების შემცველი ინგრედიენტები;
  • ყველა სიტუაციაში, გახსოვდეთ, რომ ალერგია მოგზაურობს იქ, სადაც არის თქვენი ბავშვი: სკოლაში, პარკში, მეზობლებთან თუ ბებიასთან;


* ვის შეიძლება განუვითარდეს საკვებისმიერი ალერგია


მაგალითად: 6-7 მილიონ ამერიკელს აქვს საკვებისმიერი ალერგია; ბავშვების 3 – 8 %-ს აქვს ზემგრძნობელობა ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ, თუმცა აქედან 2%-ში 10 წლის ასკამდე თვითგანკურნება ხდება.
არახისის, თხილის, კაკლის, თევზის მიმართ ალერგია კი, როგორც წესი, მთელი ცხოვრება რჩება.
საკვებისმიერი ალერგია შეიძლება ასთმის გამომწვევადაც მოგვევლინოს.
დიაგნოსტირებული ასთმის მქონე ბავშვებს აქვთ საკვებისმიერი ანაფილაქსიის დიდი რისკი.
მკურნალობა:
საკვებისმიერი ალერგიის განკურნება შეუძლებელია, თუმცა შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ, ან მინიმუმამდე დაიყვანოთ ალერგიული რეაქციების ალბათობა.
ალერგიის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა ალერგენთან კონტაქტის თავიდან აცილება. ზოგიერთი ადამიანისათვის კვებით ალერგენთან მხოლოდ შეხებაც კი მძაფრ ალერგიულ რეაქციას იწვევს, ამიტომ:
    ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ დაფასოებული და კომბინირებული პროდუქტების შემადგენლობა, ხომ არ შეიცავს ის თქვენთვის საშიშ ალერგენს.
    მოგზაურობისას, სადაც არ უნდა იყოთ, ეცადეთ თქვენთვის საკვები ინდივიდუალურად მოამზადებინოთ.
    ნუ ეცდებით ახალი, თქვენთვის უცნობი და ეგზოტიკური საკვების გასინჯვას.
    თუ შეძლებთ, პერიოდულად მოაწყვეთ განტვირთვის დღეები: წყლით, ბრინჯით, ხილით, ბოსტნეულით და ა.შ..
    მიიღეთ საკმაო რაოდენობით სითხე – დღეში 2 ლიტრი მაინც, უმჯობესია წყალი (თუ ამაში ჯანმრთელობის საერთო ფონი არ გიშლით ხელს: გულ-სისხლძარღვთა, თირკმელების ქრონიკული დაავადებები და სხვა).
    ეცადეთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი ფიზიკური ფორმა: ივარჯიშეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და სხვა.
უკვე განვითარებული ალერგიული მდგომარეობის შესამცირებლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა კვებისმიერი ალერგიული რეაქცია პირველადია, ძლიერია და მიზეზი ბოლომდე დადგენილი არ არის, საჭიროა:
1. სასწრაფოდ გადასვლა მკაცრ დიეტურ კვებაზე, რომელიც დღიური რაციონიდან გამორიცხავს ყველა შესაძლო ალერგიულ საკვებ პროდუქტს (რეკომენდირებულია ისეთი საკვების მიღება, როგორიცაა: ბრინჯი, მაწონი, ვაშლი, მჭლე ძროხის ხორცი და ა.შ.) ასეთი კვება უნდა გაგრძელდეს რამდენიმე დღის, ხანდახან რამდენიმე კვირის განმავლობაშიც, ალერგიის ნიშნების გაქრობამდე, რის შემდეგაც, ნელ-ნელა ფართოვდება მისაღები საკვების ნაირსახეობა, რაც, უმჯობესია, გაკეთდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
2.ანტიალერგიული და ანტიასთმური პრეპარატების გამოყენება (მხოლოდ ექიმის დანიშნულებით): ანტიჰისტამინური (მაგალითად, სუპრასტინი, ტავეგილი, დიაზოლინი, კლარიტინი, ზადიტენი და ა.შ) ჰორმონული (პრედნიზოლონი), სისხლძარღვების შემავიწროვებლები (ადრენალინი), ბრონქების გამაფართოებლები და სხვა.

Saturday, January 12, 2013

* სამრეწველო ალერგენები


სამრეწველო ალერგენთა მთავარი თვისებაა, ორგანიზმში მოხვედრისას შერჩევითად დააზიანოს ესა თუ ის ქსოვილოვანი ცილა, წარმოქმნას ანტიგენური თვისების მქონე ნაერთი, რაზეც ორგანიზმი ანტისხე-ულთა გამომუშავებით და ალერგიული გამოვლინებებით პასუხობს.
ყველაზე გავრცელებული სამრეწველო ალერგენებია:
  • ლითონები - ქრომი, ნიკელი, ბერილიუმი, რუბიდიუმი, კობალტი;
  • სინთეზური შენადნობები - ფორმალდეჰიდი, კანიფოლი, ეპიქლორჰიდრინი;
  • მიკრობიოლოგიური სინთეზით მიღებული ფერმენტული პრეპარატები - პროტეაზები, პექტინაზები, ამილაზები, ცელულაზები;
  • კოსმეტიკური ნაწარმი - კონსერვანტები, საღებავები, ანტიოქსიდანტები, ემულგატორები, სინთეზური არომატული ნივთიერებები;
  • ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებანი, რომლებიც გამოიყენება სარეცხ საშუალებებში - ოლეფინსულფატები, ალკილსულფატები, სულფანოლები;
  • პესტიციდები - კაპტანი, ლინდანი, აცეროქლორიდი, ჰეპტატიურამი, პარათიონი, პოლიქლორპინენი. 

Sunday, January 6, 2013

* წამლისმიერი ალერგენები

დაბალმოლეკულურ ქიმიურ ნივთიერებებს, რომელთაც მრავლად შეიცავს სხვადასხვა მედიკამენტი, საკმაოდ მწვავე ალერგიული რეაქციების გამოწვევის უნარი შესწევს. გავრცელებული მედიკამენტური ალერგენებია სალიცილის მჟავას, იოდის, ბრომის შემცველი პრეპარატები, ანტიბიოტიკები, (პენიცილინი, სტრეპტომიცინი და სხვა), შრატები და ვაქცინები. მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანის კანზე ან ლორწოვან გარსზე მოხვედრისას წამლები სხვადასხვა ალერგიულ რეაქციას იწვევს. ისინი, ქიმიურ ალერგენთა მსგავსად, ქმნის ცილებთან რთულ კომპლექსს, რომელიც ორგანიზმისთვის ანტიგენური თვისებების მატარებელი ხდება და იმუნურ სისტემას სპეციფიკურ ანტისხეულთა წარმოქმნას აიძულებს

Saturday, January 5, 2013

* ინსექტიური ალერგენები

ინსექტიურია მწერთა ალერგენები, რომლებითაც  ადამიანი სხვადასხვა გზით სენსიბილიზდება: შხამის ორგანიზმში მოხვედრით, კბენით, ნერწყვით...  ინსექტიური ალერგია ადამიანთა 0,4-0,8%-ს აღენიშნება. ძლიერი ალერგენების მატარებელნი არიან ფუტკარი, კრაზანა, ჭიანჭველა, კოღო, ზოგიერთი მოსკიტი, რწყილი, ტკიპა, ჩრჩილის პეპელა და სხვა მწერები. განსაკუთრებით საშიშია მწერები, რომლებსაც კბენისას სხეულში დაახლოებით 35 მკგ შხამის შეშვება შეუძლიათ. მწერების შხამი შეიცავს პროტეინებს, ფერმენტებს (ჰიალურონიდაზა), რომელთა ორგანიზმში მოხვედრისას შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისათვის მეტად საშიში ანაფილაქსიური შოკი, რომელსაც თან გულ-სისხლძა-რღვთა მწვავე უკმარისობა სდევს. მეტად სახიფათოა კონტაქტური მოქმედების ინსექტიური ალერგე-ნებით გამოწვეული ტოქსიკურ-ქიმიური ბუნების ალერგიული დაავადებები. ინსექტიური ალერგენები ინჰალაციური გზით ორგანიზმში ფაქტობრივად არ ხვდება.

* როგორ დავიცვათ თავი მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგიისგან


  • არ დაანებოთ ბავშვებს ხის ძირას ან კუნძებთან თამაში, რაგდან იქ ხშირად იცის კრაზანის ბუდეები
  • არ იაროთ ფეხშიშველამ ბალახზე, რადგან ფუტკრები შეიძლება ბალახში, წვრილ ყვავილებზე ისხდნენ, გარდა ამისა, ზოგჯერ მათი ბუდეები მიწაზეა მოწყობილი
  • არ ჭამოთ ხილი და არ დალიოთ ტკბილი წყლები შენობის გარეთ
  • არ მიიღოთ მზის აბაზანები, თუ თქვენ სველი ან ნესტიანი ხართ, ან რაიმე კოსმეტიკური ზეთი გისვიათ, რადგან ამას მწერების მოზიდვა შეუძლია
  • არ ჩაიცვათ კაშკაშა ფერის, ყვავილებით მოჩითლი ტანსაცმელი
  • წყნარად იდექით, ნუ დაიწყებთ მკვეთრ მოძრაობებს, თუ ახლომახლო ფუტკარი ან კრაზანა გამოჩნდა
  • სანამ მანქანაში ჩაჯდებით, შეამოწმეთ, ხომ არ არის სალონში ფუტკარი ან კრაზანა.

Tuesday, January 1, 2013

* საქართველოში გავრცელებული ალერგიის გამომწვევი მცენარეები.

მარცვლოვნები:
მხოხავი ჭანგა
ინგლისური კოინდარი
წივანა
მდელოს თივაქასრა
ჩვეულებრივი ჭვავი
ჩვეულებრივი შვრია
ხორბალი
მდელოს მელაკუდა
ტიმოთელა
ბალახი სარეველები:
ამბროზია
ბაბუაწვერა
ზიზილა
მრავალძარღვა
ავშანი
მჟაუნა
ჭინჭარი
ოქროწკეპლა
ხეები:
არყი
ნეკერჩხალი
შავი მურყანი
თხილი
წიფელი
თელა
ტირიფი
ალვა
ჭადარი