Sunday, January 13, 2013

* კვებითი ალერგენები

კვებით ალერგიას ჰალენმა იდიოსინკრაზია უწოდა, რაც ნიშნავს უჩვეულო რეაქციას ჩვეულებრივი საკვების მიმართ. კვებითი ალერგია ადამიანში საკვების პირველივე მიღებისას იჩენს თავს და მთელი სიცოცხლე გრძელდება. პროდუქტის მიმართ ალერგიული რეაქცია დამოკიდებულია მის ქიმიურ შემადგენლობაზე, გლიკოპროტეინების შემცველობასა და დაბალმოლეკულურ ნაერთთა კონცე-ნტრაციაზე. ყველაზე მეტად გავრცელებული კვებითი ალერგენებია ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, პომიდორი, ნესვი, მარწყვი, შოკოლადი,კაკალი, ციტრუსები. რძე 20-მდე ალერგიულ კომპონენტს შეიცავს, მათ შორის ყველაზე აქტიურია A, B, C ბეტა-ლაქტოგლობულინები, რომელთა მიმართ ორგანიზმი აუტანლობას ამჟღავნებს. კვერცხის ცილაში შემავალი ძლიერი სენსიბილიზატორები, კონალბუმინი და ლიზოციმი, მოხარშვისა და შეწვისას იშლება, მაგრამ კვერცხი შეიცავს კიდევ ერთ, თერმული დამუშავებისადმი მდგრად ცილა ოვომუკოიდს. ამიტომ არის, ზოგიერთი ალერგიულია როგორც მოხარშული, ისე უმი კვერცხის მიმართ, ზოგიერთში კი რეაქციას მხოლოდ უმი კომპონენტები იწვევს. აღსანიშნავია ისიც, რომ კვერცხის ცილისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონენი ძნელად იტანენ ქათმის ხორცს, მათთვის საშიშია კვერცხის შემცველი კერძები, ქათმის ვიბრიონზე კულტი-ვირებული ვაქცინები და სხვა. თევზის ცილაც ძლიერ ალერგენებს მიეკუთვნება. ის მეტად თერმოსტა-ბილურია და სადილის მომზადებისას რეაქციულობას არ კარგავს. თევზის მრეწველობაში მომუშავე ადამიანების სენსიბილიზაცია სწორედ თევზის ცილის დამსახურებაა. პომიდორი, მარწყვი, კაკაო, თხილი,კაკალი, პარკოსნები - ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას ჰისტამინს. სწორედ ამით გახლავთ განპირობებული ალერგიული რეაქცია მათ მიმართ.
ზოგიერთ პროდუქტს უნარი შესწევს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უჯრედებიდან ჰისტამინი გამოათავისუფლოს და ალერგიული რეაქცია ასე გამოიწვიოს. ასეთია ყავა, შოკოლადი, კაკაო, ფორთო-ხლის წვენი. ალერგენებია კვებითი დანამატები, საღებავი ნივთიერებები (ყვითელი ტარტრა-ზილი, ნიტრატები), კონსერვანტები (ნატრიუმის ბისულფატი, სალიცილატები), ანტიოქსი-დანტები, საშუალებები, რომლებიც აძლიერებენ პროდუქტების გემოვნებით თვისებებს (ნიტრატები, ნიკელის სულფატი, კობალტის ქლორიდი), მცენარეული არომატული ნივთიერებები.

მოსახლეობაში გავრცელებული მცდარი შეხედულების მიხედვით, ალერგიის ძირითადად მიზეზს ესა თუ ის საკვები წარმოადგენს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. დადგენილია, რომ საკვებით გამოწვეული ალერგიები გვხვდება ბავშვების მხოლოდ 6%-სა და მოზრდილების 1%-ში.
რძისა და რძის პროდუქტებით გამოწვეული ალერგიები - ყველაზე გავრცელებულ კვებით ალერგიას წარმოადგენს ბავშვებში. ალერგიის ნიშნები ძირითადად გამოიხატება ქრონიკული ნაწლავური აშლილობის სახით და მწვავე ალერგიული სიმპტომებით – ცემინებით, ხველით, ქავილით.
როგორ მოვიქცეთ?
  • საუკეთესო გამოსავალია ძუძუთი კვება;
  • ჩვილს არ უნდა მისცეთ ცხოველური რძე 12 თვის ასაკამდე;
  • ხშირად წარმატებით გამოიყენება სოიოს რძეც;
  • რძისადმი ალერგიის შემთხვევაში, ბავშვები, რასაკვირველია, უნდა ავარიდოთ ყველის, კარაქის, კრემების და ნებისმიერი რძის პროდუქტის მიღებას, რადგან ისინიც რძის პროტეინებს შეიცავენ.
ალერგია კვერცხის ცილისადმი – ასევე საკმაოდ გავრცელებულია ბავშვებში, თუმცა ალერგია შესაძლოა გამოვლინდეს მოგვიანებით ასაკშიც. ხშირია კანზე ეგზემის ტიპის გამონაყარი.
  • ამ შემთხვევაში, იკრძალება ერთი წლის ასაკამდე ბავშვებში საკვებად კვერცხის გამოყენება;
  • მზა საკვები პროდუქტების შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს მათ შემადგენლობას. კვერცხს შეიცავს მრავალი პროდუქტი, მაგ. სხვადასხვა სახის ნამცხვარი, მაიონეზი და ა.შ.
ალერგია თევზის პროდუქტებზე - ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევართა რეკომენდაციით, თევზის პროდუქტებზე ალერგიული ადამიანი უნდა მოერიდოს ნებისმიერი სახეობის თევზის საკვებად მიღებას, მიუხედავად იმისა, რომ ის შესაძლოა ალერგიული იყოს მხოლოდ ერთი სახეობის თევზის მიმართ.
მწვავე ალერგიული რეაქციების მიზეზი შეიძლება გახდეს ასევე უხარისხო, გაფუჭებული თევზის საკვებად გამოყენება, ვინაიდან ასეთი თევზის ქსოვილში გროვდება ჰისტამინი. მისი მიღებისას შეიძლება განვითარდეს მოწამვლა, რასაც შეიძლება ახლდეს ასევე ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება. მსგავსი სიმპტომების შემჩნევისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თევზი გაფუჭებული იყო, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მოწამვლის გარდა, არ უნდა გამორიცხოთ თევზზე ალერგიაც.
ალერგია თხილისა და არაქისის მიმართ - მსგავსი სახის ალერგია ძირითადად გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ამ შემთხვევაში ერთადერთი მკურნალობა გამოიხატება ამ პროდუქტის მიღებაზე უარის თქმაში.
  • მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ბავშვის საკვების მიმართ, მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ ბავშვისთვის დაბადების დღეზე მირთმეული ტკბილეულის შემადგენლობა, სადღესასწაულო სუფრებზე მირთმეული პროდუქტების შემცველი ინგრედიენტები;
  • ყველა სიტუაციაში, გახსოვდეთ, რომ ალერგია მოგზაურობს იქ, სადაც არის თქვენი ბავშვი: სკოლაში, პარკში, მეზობლებთან თუ ბებიასთან;


No comments:

Post a Comment